სკოლის ისტორია

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი სკოლები, რომელთა არსებობის ასაკი საუკუნეზე მეტია. სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა სწორედ რომ საუკუნეზე მეტი ხნისაა. იგი არც მეტი არც ნაკლები 148 წელს ითვლის. სკოლა ასაკის გარდა, გამოირჩევა მდიდარი ტრადიციებითა და საინტერესო ისტორიით.

სკოლის წარმოშობის ისტორია იწყება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 1875 წლის 8 იანვარს დადებითად გადაწყდა ამიერკავკასიაში სამასწავლებლო სემინარიის გახსნა. სემინარიის დაარსებისთვის შესაფერის ადგილად შეირჩა ქალაქი გორი, კერძოდ კი ამჟამინდელი N9 საჯარო სკოლის ტერიტორია.

1876 წლის 10 აპრილს, კავკასიის სასწავლო ოლქის მაშინდელი მზრუნველი ი. ნევეროვი მეფისნაცვალს ატყობინებდა, რომ, ქ. გორში სემინარიის ბინისათვის 10 წლის ვადით დაქირავებულია სახლი კაპიტან ზუბალაშვილისა და თხოულობდა ნებართვას მასწავლებლების დანიშვნის შესახებ. თავდაპირველად სემინარიის განკარგულებაში იყო ერთი ქვის ორსართულიანი სახლი - 11 ოთახით, ერთი ქვის ორსართულიანი ფლიგელი - 4 ოთახით და აშენების პროცესში მყოფი ერთსართულიანი სახლი - 8 ოთახით. პირველი გაკვეთილი სემინარიაში ჩატარდა 1876 წლის 12 სექტემბერს. ამ დროს სემინარიაში მხოლოდ ორი ქართველი მასწავლებელი მუშაობდა. სემინარიის პირველ დირექტორად კი დაინიშნა სპირიდონ დიმიტრის ძე დივარი.

გორის სამასწავლებლო სემინარიის გახსნას მაშინდელი ქართველი საზოგადოება დიდი კმაყოფილებით და სიხარულით შეხვდა. სემინარიის მიზანს წარმოადგენდა ამიერკავკასიის სკოლებისათვის კვალიფიციურ მასწავლებელთა მომზადება. მართლაც, სემინარიამ თავისი არსებობის 42 წლის მანძილზე, რამდენიმე ასეული მასწავლებელი გამოუშვა და ამით მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია თავის დროზე საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ჩრდილო კავკასიის სკოლებს.

დაარსების პირველ წლებში სემინარიაში არ ისწავლებოდა ქართული ენა და ლიტერატურა. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა ილია ჭავჭავაძემ დაწერა წერილი ,,ვიცინოთ თუ ვიტიროთ?”, რომელშიც წერდა: ,,გორში არსებობს შარშანდელს აქეთ საოსტატო სემინარია, ესე იგი იმისთანა სასწავლებელი, რომელმაც უნდა მოამზადოს ოსტატები, მასწავლებელნი ჩვენის სახალხო სასწავლებლისათვის. რასაკვირველია, თქვენ იფიქრებთ, რომ აქ ქართულს ენას პირველი ადგილი ენიჭება სხვათა შორის, მაგრამ ეგ ეგრე არ არის. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას

გადაუწყვეტია, რომ ქართველთა ბავშვების ოსტატს ქართულის ცოდნა გულს აუჩუყებსო. ამის გამო იმ სემინარიაში ქართულს ენას არ ასწავლიან, ასე რომ ქართულის სახსენებელიც გაუქრიათ. როგორ მოგწონთ? შუაგულს ქართლში მთავრობამ სემინარია გახსნა, მერე იმისთვის, რომ ქართულის სოფლის ბავშვებისათვის ოსტატები გამოსწურთნოს და მაინც კიდევ ქართულს არ ასწავლიან. ვიცინოთ ამაზედ თუ ვიტიროთ?”

1878 წლის ზაფხულში სამასწავლებლო სემინარიის დირექტორად დივარის ნაცვლად დაინიშნა დიმიტრი დიმიტრის ძე სემიონოვი. მისმა გულმოდგინე ზრუნვამ გორის სამასწავლებლო სემინარიის კეთილდღეობისა და განვითარებისათვის შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო. სასწავლებელმა მოსახელობაში თანდათან მოიპოვა ავტორიტეტი და სიყვარული. მასწავლებლებსა და აღსაზრდელებს შორის გულთბილი და ჰუმანური დამოკიდებულება დამყარდა. გაკვეთილები მაღალ დონეზე ტარდებოდა და მოსწავლეებს საფუძვლიან ცოდნას აძლევდა. სემიონოვის დირექტორობის დროს, 1979 წლის სექტემბრიდან სემინარიაში შემოღებული იქნა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენების სწავლება. უფრო მეტიც, გაიხსნა ქართული, სომხური, და თათრული დაწყებითი სასწავლებლები. შესაბამისად არსებობდა ორი საცხოვრებელი პანსიონი - ქრისტიანი და მუსლიმანი მოსწავლეებისათვის.. ყველა ეს სასწავლებელი ერთკლასიანი იყო და თითოეული შედგებოდა სამი განყოფილებისაგან. ყოველ განყოფილებაში სწავლის ხანგრძლივობა თითო წელს უდრიდა. პირველ განყოფილებაში მოსწავლეები წერა-კითხვის შესწავლას მშობლიურ ენაზე იწყებდნენ და ამავე ენაზე მიმდინარეობდა მეცადინეობაც. შემდეგ განყოფილებაში სწავლა მთლიანად რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და მშობლიური ენა აღარ ისწავლებოდა. მხოლოდ 27 წელი იარსება ქართულმა დაწყებითმა სასწავლებელმა.

აი რას წერდა იაკობ გოგებაშვილი თავის წერილში "უცნაური ცვლილება გორის სამასწავლებლო სემინარიაში": "გორის საოსტატო სემინარიასთან დაარსებულნი არიან სამნი პირველ-დაწყებითნი სასწავლებელნი: ქართული, სომხური და თათრული. ამათი დანიშნულება ორ-გვარი იყო და არის: პედაგოგიურად ემზადებიან სამივე ტომის მოსწავლეები ესრედ წოდებულ პროსემნიარიისათვის, რომელიც თავისის მხრივ ამზადებს საოსტატო სემინარიაში შესასვლელად. პედაგოგიური მომზადება იმაში მდგომარეობდა, რომ ბავშვები ჯერ საგნებს ისმენდნენ თავის დედა-ენაზედ, კარგად იმართებოდნენ ქართულს წერა-კითხვაში. სწავლობდნენ რუსულს ენასა და რუსულს წერა-კითხვასა დედა-ენის შემწეობით და თვალსაჩინო ღონისძიებით. ბოლოს იგინი შეუდგებოდნენ ხოლმე სწავლას საგნებისას რუსულს ენაზედა. მეორე დანიშნულება ამ სკოლებისა უფრო კიდევ დიდი იყო: მათში სემინარიის მოწაფენი, როგორც მომავალნი მასწავლებელნი სახალხო სკოლებისა, თვალ-ყურს ადევნებდნენ სწავლების ხერხებს, ოსტატობასა, აძლევდნენ გაკვეთილებს დედა-ენისას, ვარჯიშობდნენ საგნებისა და რუსულის ენის სწავლებაში დედა-ენის შემწეობით, და ამ სახით მზადდებოდნენ თავისის დანიშნულებისათვის ისე, როგორც გონივრული პედაგოგია მოითხოვს. ერთი სიტყვით, ეს სკოლები იყვნენ სამაგალითონი, სანიმუშონი, რომლის მსგავსად უნდ მოწყობილიყო ყოველი სახალხო სკოლა.

ამ დაწესებულებას, დიდად სასიკეთოს ქვეყნისათვის და სასიქადულოს მთავრობისათვის, ახლა თურმე მოშლას უპირებენ . . ."

წლების მანძილზე ჩვენი სკოლა იაკობ გოგებაშვილის სახელობის იყო, მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მას ეს სახელწოდება შეუჩერდა.

სემინარიაში სასწავლო წელი იწყებოდა ყოველი წლის სექტემბერში და მთავრდებოდა მომდევნო წლის ივნისის პირველ ნახევარში. წარჩინებული მოსწავლეები გამოცდებიდან თავისუფლდებოდნენ.

გორის სამასწავლებლო სემინარიას დიდი მუსიკალური ტრადიციები ჰქონდა. მის კედლებში აღიზარდნენ საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსები: ია კარგარეთელი, ლადო აღნიაშვილი, რომელიც შემდეგ სემინარიის გუნდსაც ხელმძღვანელობდა.

დროთა განმავლობაში გორის სამასწავლებლო სემინარიაში შემოიღეს ქართული ენის, როგორც დამოუკიდებელი საგნის სწავლებაც. ამ საგნის მასწავლებლები იყვნენ: ა. ქუთათელაძე, მ ყიფიანი, ნ. ლომოური და კ. არველაძე. ნიკო ლომოური 32 წლის განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენას. ამ ხნის განმავლობაში მის ხელში მრავალრიცხოვანმა მოსწავლეებმა გაიარეს.

გორის სამასწავლებლო სემინარიამ 42 წელი იარსება და 700-ზე მეტი მასწავლებელი გამოუშვა, რომელთაგან ბევრმა თავი გამოიჩინა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ასპარეზზე. გორის საოსტატო სემინარიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ: ვაჟა-ფშაველა, ლადო აღნიაშვილი, ალექსანდრე ნათაძე, ვანო ავალიშვილი, ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა), თედო რაზიკაშვილი, ვანო გიუნაშვილი, ტარასი მამალაძე, ნიკო ჯანაშია, თეოფილე ხუსკივაძე და სხვები. ამავე დროს აქ სწავლობდნენ : ნ. ნარიმანოვი, უ. ჰაჯიბეკოვი, მ. მაგომაევი და სხვები. მაგრამ აქ ჩმოთვლილ გამოჩენილ ადამიანთა შორის უპირველესი მაინც ვაჟა-ფშაველაა.

ცნობილია, რომ ერთხელ ვაჟას, პედაგოგ ნოვოპასკის დავალებით დაუწერია რეფერატი ლექსი ,,მერანი”, როგორც ბარათაშვილის მსოფლმხედველობის გამომხატველი. მის მოხსენებას დასწრებიან არა მარტო მოსწავლეები და მასწავლებლები, არამედ გორის საზოგადოების ნაწილიც.

გასაბჭოების შემდეგ გორის სამასწავლებლო სემინარიის ბაზაზე შეიქმნა გორის პედაგოგიური სასწავლებელი, რომელშიც გრძელდებოდა სემინარიაში არსებული ტრადიციები, ხოლო 1958 წლიდან გაუქმდა პედაგოგიური სასწავლებელი და მის ბაზაზე მუშაობა დაიწყო გორის მე-9 საშუალო სკოლამ, რომლის პირველი დირექტორი იყო უაღრესად კეთილშობილი და განათლებული პიროვნება გიორგი თავაძე. მისი ხელმძღვანელობით სკოლაში მუშაობისათვის ნორმალური პირობები შეიქმნა და ქალაქში ავტორიტეტიც მოიპოვა. გაიზარდა კონტიგენტიც. ძველი სემინარიის დროინდელი შენობა ვეღარ იტევდა მოსწავლეებს, ამიტომ მის ადგილას აიგო ახალი 3 სართულიანი შენობა და 1968 წლიდან სკოლამ ახალ შენობაში დაიწყო მუშაობა.

1876 წელს დაარსებული გორის საოსტატო სემინარიის წიგნადი ფონდი, რომელიც 1935 წელს გადაეცა ახლად დაარსებულ სამასწავლებლო ინსტიტუტში (ამჟამად გორის უნივერსიტეტს).

ძველი შენობიდან სარდაფის სართულზე ახლაცაა შემორჩენილი ძველი საძირკველის ნაწილი , ხოლო სკოლის წინ ქუჩის სავალ ნაწილზე დღემდე ამაყად დგას ორი უზარმაზარი თუთის ხე. სკოლის ყველა მოსწავლემ იცის, რომ ეს ხეები ჩვენი დიდი წინაპრის ვაჟა-ფშაველას ხელითაა დარგული.

2014 წლიდან დღემდე ჩვენი სკოლა ვაჟა-ფშაველას სახელს ატარებს.

მისი ოფიციალური სახელწოდებაა - სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა


დაგვიკავშირდით📧

Name

Email *

Message *